დამფუძნებლის მიმართვა

უკანასკნელი წლებია საქართველო  მნიშვნელოვან სახეცვლილებას განიცდის, რაც, პირველ რიგში, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პოტენციალის ათვისებასა  და ამ გზით ქვეყნის მოდერნიზებას გულისხმობს. ამასთან, ქვეყნის მოდერნიზება მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვას ან გარე დახმარებას არ შეიძლება უკავშირდებოდეს. პოზიტიური საინვესტიციო კლიმატი, იმპორტირებული ტექნოლოგიები და განათლება ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა მსგავსი განვითარება იქნება მდგრადი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინდუსტრიული, პოლიტიკური და კულტურული წინსვლა ცოდნით მართული პროცესის შედეგი გახდება.

ჩემს მიერ დაფუძნებული განათლების ფონდი მოწოდებულია, შექმნას მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა ცოდნა გახდეს საქართველოს მოდერინიზების საფუძველი. ჩვენი ხედვით, დღეს აუცილებელია მოტივირებული ახალგაზრდების წახალისება და ისეთი სიახლეების დამკვიდრება, რომელიც მომავალში „საკუთარი“ ცოდნის გენერირების მყარ გარანტიას შექმნის საქართველოში.

შესაბამისად, ჩემი მიზანია, მხარი დავუჭირო ახალგაზრდების სურვილს, დაეუფლონ იმ ცოდნას, რომელიც საქართველოში შეუქცევადს გახდის სვლას თანამედროვე, ევროპული, განვითარებული და განათლებული საზოგადოებისკენ, რაც, თავის მხრივ,  ასევე, გულისხმობს ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყნიდან ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემქმნელ ქვეყნად გარდაქმნასაც.